26 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ირაკლი კობახიძე The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე - როდესაც "ნაცმოძრაობის" მთავარ აქციაზე, რუსულად ჟღერდება "თბილისო" და ამაზე არც ერთი ადამიანი არ ღელავს, მგონია, სხვა შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური

"როგორც ჩანს ის იყო ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე, არ ვიცი აქ რა შეიძლება გაკეთდეს" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Black Sea Arena-ზე ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტს.

ირაკლი კობახიძე პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც გულწრფელი აღშფოთება გამოთქვეს კონცერტზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, წარსული შემთხვევებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევებში ასეთი აღელვება არის ხელოვნური.

"მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ. იყო ასეთი შემთხვევა, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს როდესაც "ნაცმოძრაობის", ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის მთავარ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსულ ენაზე შესრულდა "თბილისო" და მაშინ არავინ აღელვებულა, არც ერთი ადამიანი, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტია და არც ერთი ადამიანი არ აღელვებულა. და დღეს როცა ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა აქ არის ხელოვნურობის ძალიან სერიოზული ნიშნები. ასევე თქვენ იცით, რომ ელენე ხოშტარია პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მთლიანობაში მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ ღელავს. ეს მეორე ფაქტი. გიორგი ვაშაძე აქირავებს თუ აქირავებდა რუს მდგმურზე თავის ბინას, ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ მე მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში არის ხელოვნური.

რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად შეიძლება აღელდა, გასაგებია, ბუნებრივია რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მგონია, ხშირ შემთხვევებში ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები. როდესაც „ნაცმოძრაობის“ მთავარ აქციაზე, ჟღერდება რუსულად "თბილისო"“ და ამაზე არც ერთი ადამიანი არ ღელავს მე მგონია სხვა შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ბლექ სი არენას“ სცენაზე, "ქილერსის" კონცერტზე ჯგუფის წევრებმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანეს, რომელსაც ბენდთან ერთად სიმღერა უნდა დაეკრა, რასაც აუდიტორიის მხრიდან უარყოფით რეაქცია მოჰყვა

ამ ფაქტის გამო პროტესტის ნიშნად  მსმენელების გარკვეულმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მსგავსი რეაქციით გაკვირვებულმა The Killers-ის ფრონტმენმა ბრენდონ ფლაუერსმა აუდიტორიას მიმართა: "ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები, ჩვენ ყველა დები და ძმები ვართ", რასაც დამსწრე საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან კიდევ ერთი პროტესტი და უარყოფითი შეძახილები მოჰყვა.

 

დღის ამბები