26 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შოვის ტრაგედიას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

შოვის ტრაგედიასთან არსებულ კითხვებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ინტერპელაციის წესით იბარებს. შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მათ მინისტრს კითხვები უკვე გაუგზავნეს.

შოვის ტრაგედიას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, სპეკულაციას უწოდებენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

„კარგია, რომ შეისმინეს ის, რომ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები არსებობს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ინტერპელაცია, შეიძლება ცალკეულ კითხვებთან მიმართებაში იყოს რელევანტური სადეპუტატო კითხვა და ა.შ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას, თუკი ვინმეს ჭეშმარიტება აინტერესებს, რომ ეს არ დარჩეს ფარდის ქვეშ. ყველაფერი შეიძლება გაირკვეს, ყველა კითხვა შეიძლება დაისვას და ყველაფერთან დაკავშირებით იქნება კონკრეტული პასუხები. უბრალოდ მგონია, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ჯერ ამ ინიციატივის წამოყენება და შემდეგ კითხვებზე, რა კითხვებია, უნდა იქნას გამოკვლეული ამაზე ფიქრის დაწყება, ეს ლოგიკურად არათანმიმდევრულად გამოიყურება,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია, უკვე პასუხი გაეცა როგორც შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან, შს მინისტრისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და ასევე პრემიერ-მინისტრისგანაც.

„კითხვის დასმის უფლება, მათ შორის, ინტერპელაციის წესით, ყველას აქვს, მაგრამ თავშივე განწირულია ეს იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის იმ კითხვებზე პასუხები, რა კითხვებიც დაწერა ახლა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ. იმიტომ რომ არაერთხელ, მათ შორის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერს, ყველას გაცემული აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რაც ზოგადად საზოგადოებაშიც იყო.

„ნაცმოძრაობას“ თავი რომ მოაქვს, რომ საზოგადოების რაღაცა დიდ ნაწილს წარმოადგენს, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები