"ბლექ სი არენა" The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ "არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია". კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.
"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია", - წერს კომპანია Facebook-ზე.
Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.