თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, პროგრამაში საბურთალოს რაიონში მდებარე ავარიული სახლი მოხვდა, რომელიც დანგრევის პირასაა. ოთხსართულიანი ავარიული კორპუსი მალე ახალი, რვასართულიანი შენობით ჩანაცვლდება. პროექტის მიხედვით ახალ ბინას 17-მდე ოჯახი მიიღებს. მათი ნაწილი უკვე უზრუნველყოფილია ალტერნატიული საცხოვრებლით. გამრეკელის ქუჩის მცხოვრებლები იმ პრობლემებზე საუბრობენ რაც კორპუსში განსაკუთრებით უამინდობის დროს იქმნება.
ეს თბილისში უკვე მესამე ობიექტია, სადაც ძველი კორპუსების დემონტაჟი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს ავარიული კორპუსის თაობაზე მოსახლეობა განცხადებით მიმართავს. განაცხადების რაოდენობა უკვე 50-ს აღწევს.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლებაზე დღეს დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, მშენებლობა ქალაქის მასშტაბით რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტის საერთო ღირებულება 6 ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. ბინები სრულად ორ წელიწადში დასრულდება.