26 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი ქართულ ციხეში 12 წელს გაატარებს - ცისკარა ტოხოსაშვილის გზა საქართველოდან სირიამდე

ტერორისტული ორგანიზაციის გავლენიანი წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი, იგივე ემირი ისა ქართულ ციხეში 12 წელს გაატარებს. გრიფით საიდუმლო საქმის 8-თვიანი განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება გაიზიარა.

ადვოკატი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის შეიარაღებულ მოქმედებებში მონაწილეობა და ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდა - ტოხოსაშვილი თითქმის ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ სირიაში იმყოფებოდა. "კურიერმა" რამდენიმე თვის წინ ფოტომასალა მოიპოვა, რომელზეც ცისკარა ტოხოსაშვილი საბრძოლო ფორმაში სწორედ სირიაშია გადაღებული.

"კურიერი" პანკისში, ტოხოსაშვილის ოჯახში მივიდა. მსჯავრდადებულის დედას შვილის ტერორისტულ საქმიანობაზე საუბარი არ სურს.

სირიაში გამგზავრებამდე, ცისკარა ტოხოსაშვილი ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ახლა სასჯელს ტერორისტული საქმიანობისთვის იხდის. ცეზარ ტოხოსაშვილს, იგივე ალ ბარა შიშანს ქართულმა სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა 2020 წელს მიუსაჯა.

9 თვის წინ ქართულმა სპეცსამსახურებმა ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ხელბორკილი თბილისის აეროპორტში, თვითმფრინავის ბორტზე დაადეს.

ცისკარა ტოხოსაშვილის გრიფით საიდუმლო საქმის განხილვა სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით ჩატარდა. "კურიერმა" დახურული სხდომიდან ცისკარა ტოხოსაშვილის ჩვენების შინაარსი გაარკვია, რომელიც ამტკიცებდა, რომ სირიაში მისი ძმის დაჯგუფების "ალ ბარას" წევრი იყო და არა "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი. მის ამ ჩვენებას გამორიცხავს საიდუმლო საქმის მასალები.

ცნობილია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გავლენიან ტოხოსაშვილებს, ახლო კავშირი ჰქონდათ "ისლამური სახელმწიფოს" საველე მეთაურთან, ახმედ ჩატაევთან, რომლის დაჯგუფებაც ქართულმა სპეცსამსახურებმა 2017 წელს, თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას გაანეიტრალეს, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, ძიება გრძელდება, ცისკარა ტოხოსაშვილი კი 12-წლიანი სასჯელით, გლდანის ციხის სამარტოო საკანშია მოთავსებული.

დღის ამბები