დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქში მასშტაბური აფეთქება ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. თავდაპირველად, მაჰაჩყალის გარეუბანში ცეცხლი ავტოსერვისს გაუჩნდა, შემდეგ კი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა. ძლიერ აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 65 მოქალაქე განაგრძობს, მათგან 16 ბავშვია, დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძარი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა . მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა აფეთქების ზუსტი მიზეზი. დაღესტნის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით, მილიონ რუბლს მიიღებენ. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.