ტრამპისთვის რიგით მე-4 ბრალდება, რომელიც ჯორჯიის ეპიზოდს ეხება - თითქმის 100 გვერდიანი საქმე, 19 პირის შესაძლო დანაშაულზე ჰყვება, რომლის სათავეშიც სწორედ დონალდ ტრამპია. ჯორჯიის შტატის ბრალდების მტკიცებით მაშინ, 2020-ში ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, საკუთარი მარცხის გამოსასწორებლად არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობდა, რასაც შესაძლო ცრუ განცხადებებამდე, დოკუმენტების გაყალბებამდე, მოწმეებზე ზემოქმედებამდე და სხვა დანაშაულებამდე მივყავართ. თუ ბრალდება დამტკიცდა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს 20 წლიან პატიმრობა ემუქრება.
პროკურორს სამუშაო ბევრი აქვს რადგან, შესაძლო დამნაშავეთა სია, პრეზიდენტის გარდა, კიდევ 18 პირს ითვლის. მათ შორისაა, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი - მარკ მედოუზი, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ჯეფრი კლარკი და სხვა მოხელეები. კომპლექსურმა გამოძიებამ შეისწავლა როგორც დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსი, ისე პრეზიდენტის ტვიტები და ყველაფერთან ერთად, სატელეფონო საუბრები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ზარი დაედო საფუძვლად ახალ ბრალდებას, სადაც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯორჯიის შტატის მდივანი ესაუბრებიან.
პროკურატურა ბრალდებულებს თვის ბოლომდე აძლევს ვადას მართლმსაჯულების წინაშე ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის. ამასთან, უწყება სასამართლო მოსმენის ჩანიშვნის ვადად მომდევნო 6 თვის პერიოდს ასახელებს, - ანუ, საარჩევნო კამპანიის ყველაზე ცხელ პერიოდს. სწორედ ამიტომაა, რომ ტრამპი და მისი მომხრეები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ყოფილ პრეზიდენტს ეჭვებს ის ფაქტიც უღრმავებს, რომ ბრალის ოფიციალურ წარდგენამდე, ჯორჯიის შტატის სასამართლოს ვებგვერდზე ტრამპის წინააღმდეგ პოტენციური ბრალდებების დოკუმენტი ჯერ გამოქვეყნდა, შედეგ კი მალევე წაიშალა. ტრამპს მიმდინარე პროცესები "კუდიანებზე ნადირობას" აგონებს.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 2024 წელს თეთრ სახლში დაბრუნება აქვს განზრახული, მიზნისთვის კი რთული სამართლებრივი გზის გავლა მოუწევს, რადგან ის უკვე არის ბრალდებული 3 საქმეზე. მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის, პორნოვარსკვლავის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდისა და სულ ბოლოს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეში. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ამ მასშტაბის სისხლის სამართლის დანაშაულებშია ბრალდებული.