სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასაში, 18 საათსა და 35 წუთზე, მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილ იპოვეს. "კურიერის" ინფორმაციით, სხეული იმდენად დასახიჩრებულია, რომ ვინაობის დასადგენად დნმ-ის ანალიზი გახდება საჭირო.
სტიქიის ზონაში გარდაცვლილებს გლოვობენ სოფელ გლოლაში.
ტრადიციული რაჭული დატირებით მიაგეს პატივი გენო სულთანიშვილს მეგობრებმა. ანსამბლ "ბუბას" წევრი დაკრძალვამდე იმ სკოლის ეზოში დაასვენეს, სადაც წლების განმავლობაში პატარებს ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა. სამგლოვიარო ცერემონიაზე მოსწავლეებს ემოციების შეკავება უჭირდათ.
ცრემლებიც გააცილეს უკანასკნელ გზაზე ტრაგიკულად დაღუპული სოფო ბაკურაძე. 23 წლის ქალი გლოლას საჯარო სკოლის ეზოდან გადაასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მარტოხელა დედა მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ კოტეჯების ადგილას იპოვეს. გარდაცვლილს 4 წლის გოგონა, ლუსი დარჩა.
კურორტ შოვში ჩამოწოლილმა ღვარცოფმა, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი იმსხვერპლა. რაჭაში ახლა ყველა დაკარგული ახლობლების პოვნას ელოდება. მაშველები, ამ დრომდე, 8 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ეპიცენტრში და მდინარეების კალაპოტებში მეხანძრე-მაშველები სხვადასხვა ნივთს პოულობენ. დილით, მეწყრულ მასში, ავტომობილი აღმოაჩინეს.
მიწაში ჩაფლულ ნივთებს სპეციალური მოწყობილობებით პოულობენ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაკარგულების და მათი ნივთების ძებნის პროცესში არიან ჩართულები. სამხედროები ამონტაჟებენ საველე კონსტრუქციებსაც იმისთვის, რომ მეხანძრე მაშველებს გადაადგილება გაუადვილდეთ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დამეწყრილი ტერიტორიის 90% უკვე შესწავლილია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხვალისთვის ჩამოშლილი მიწის დარჩენილ 10 პროცენტსაც დაამუშავებენ. ამის შემდეგ, უკვე სამძებრო სამუშაოების ეპიცენტრი მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტები გახდება.
მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მძიმე სპეც-ტექნიკასთან ერთად, 60 კილომეტრზე არიან გადანაწილებულები და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. სამძებრო პროცესი 15 ლოკაციაზე მიმდინარებს. პარალელურად, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელს გლოლაში ეტაპობრივად გვარდება წყალმომარაგების პრობლემები.