26 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ინტერპელაციის პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ დავსვათ ის კითხვები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას - გიორგი ბოტკოველი ენმ-ის ინიციატივაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია და ასევე, ინტერპელაციის წესით, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებაა საჭირო, რათა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია-ს” თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლების განცხადებები საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს, რომლებსაც პასუხი უნდა გასცენ.

"ის, რომ კითხვები არსებობს ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც მოვისმინეთ ის მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სწორედ ინტერპელაციის პროცესი ამას ითვალისწინებს, რომ გვექნება საშუალება დავსვათ ის კითხვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თბილი ურთიერთობა არ აქვს, თუმცა საგამძიებო კომისიის შექმნაში ხელს არ შეუძლის და მხარს დაუჭერს.

"მინისტრი მოვა, თავის თავს შეაქებს, იტყვის, რომ მართალი იყო, შეცდომა არ დაუშვეს და იდეალური მინისტრია, მთავრობაა და ა.შ. ამას არანაირი განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყვება. განსაკუთრებული სპეციფიკური კითხვები თუ მოიგონეს და გენიალურად ჩაატარეს ინტერპელაცია, შეიძლება აქედან რამე გამოვიდეს, მაგრამ არ მაქვს იმედი. შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ მაქვს განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა, მაგრამ იმისთვის, რომ ხელი შევუშალო ადამიანებს, რომლებსაც რაღაცის გამოძიება უნდათ, თეორიულად თუ შეიძლება ეს შესაძლებელი იყოს, არ მესმის რატომ უნდა შევუშალო ხელი", - განაცხადა ”გირჩი” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები