26 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" რაჭაში მომხდარის გამოძიებას პარლამენტში ითხოვს და შესაბამისი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის - უჭერს თუ არა მხარს ენმ-ს დანარჩენი ოპოზიცია

რა მოხდა შოვში და რამდენად დროული იყო სახელმწიფოს რეაგირება - ამ ორ კითხვაზე პასუხების მიღებას ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ითხოვს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ამისთვის ჯერ საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავთ. "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ოპოზიციურ პარტიას კი ხმები ამ ეტაპზე არც ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნის. სააკაშვილის პარტიის ინიციატივას გიორგი გახარიას გუნდისგან ჯერჯერობით უარი აქვს.

კომისიაში საკუთარ თავს ვერ ხედავს "გირჩიც", თუმცა არ აპირებს კოლეგებს ხელი შეუშალოს. ოპონენტების ნაწილის მოთხოვნა კი ეჭვს უჩენს საპარლამენტო უმრავლესობას. "ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ნაწილს კომისია საკუთარი დღის წესრიგის შესაქმნელად და პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გზავნილის ადრესატები, მმართველი პარტიის გარდა, პარლამენტში მისივე კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. მიზეზი კი ის არის, რომ შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მთავარი საფრთხე პარლამენტში საკმარისი ხმების არ არსებობაა. საპარლამენტო ოპოზიციიდან ამ ეტაპზე კომისიის შექმნის მოწინააღმდეგე გიორგი გახარიას გუნდია. "ნაციონალური მოძრაობა" კოლეგებისგან ერთობას ითხოვს და პერსონალური წუხილების გვერდით გადადებისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარიას თანამოაზრეებმა განმარტებისგან დღეს თავი შეიკავეს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფი ”საქართველოსთვის” უარის არგუმენტად სტიქიის ზონაში ამ დრომდე მიმდინარე სამძებრო სამუშაოებს ასახელებს. კოლეგების გადაწყვეტილებას დანარჩენი ოპოზიცია შეცდომას უწოდებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს იმედი აქვთ, რომ პარტია ”საქართველოსთვის” წევრები პოზიციას შეიცვლიან და კომისიის შექმნის მომხრეებში გადაინაცვლებენ. კომისიის მუშაობაში ჩართვას არ გეგმავენ "გირჩებშიც", თუმცა თუ პარლამენტი საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს, თანხმობისთვის მზად არიან.

"სპეკულაცია და პოლიტიკური წარმოდგენის მცდელობა" -ასეთია მმართველი პარტიის შეფასება ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნაზე. სახელისუფლებო გუნდში ინტერესდებიან თუ ოპონენტებს სხვა მიზანი არ აქვთ, რატომ ირჩევენ რთულ გზას და საგამოძიებო კომისიის შექმნას რატომ ითხოვენ, იმ ფონზე, როდესაც რეგლამენტი მათ უფრო მოქნილ და სწრაფ მექანიზმებს სთავაზობს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. საკითხი ინიცირებულია, კომისიის შექმნაზე პროცედურები კი საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები