26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
შეეძლოთ თუ არა ვერტმფრენებს სტიქიის ზონაში ღამით ფრენა და იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა - ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგ ჯერ ისევ აქტუალურ კითხვას შსს მინისტრმა უპასუხაა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებს სტიქიის ზონიდან კიდევ ერთხელ უპასუხა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პილოტებს ღამის ფრენისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა აქვთ, თუმცა ხალხის ევაკუაციის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერება სითბური დრონებით გაგრძელდა, რომელიც გამოსახულებას უკეთ ხედავს და ხეობაში ვერტმფრენების მუშაობის აუცილებლობა აღარ იყო. მინისტრის თქმით, ბუნებრივი და მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობდა რისკი, რომ ღამით ხეობაში შესვლა საბედისწერო ყოფილიყო, სწორედ ამის გამო გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები.

მინისტრის განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ამტკიცებს, რომ სამაშველო ოპერაცია არასწორად დაიგეგმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები კი მათი თქმით, ხეობაში დაგვიანებით გამოჩნდნენ.

ოპონენტების ბრალდებები მმართველი გუნდისთვის მორიგი სპეკულაცია, ტრაგედიით მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია არ შეწყვეტილა. ტერიტორიის დათვალიერება როგორც ვერტმფრენით, ისე დრონებით მოხდა. სტიქიის ზონაში, როგორც მამუკა მდინარაძე წერს, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც დახმარებას ითხოვდა და მაშველებს არ გამოუყვანიათ. სამძებრო ოპერაციაში უპილოტო საფრენი აპარატები, რომ იყო ჩართული ამაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც საუბრობს. დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში კი, ირაკლი კობახიძის თქმით, მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული მი-8 ტიპის ვერტმფრენები, რთულ რელიეფზე ვერ მუშაობს, ახალი სამაშველო საფრენი აპარატების ჩამოსვლა კი ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლების უმოქმედობის გამო ჭიანურდება.

ახალი ვერტმფრენები რომ შესყიდულია და ქვეყანაში რამდენიმე თვეში ჩამოვა, ოპონენტებს დღეს თბილისის მერმა შეახსენა. კახა კალაძე, რომელიც შოვის სტიქიის გამო თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, ოპოზიციას ტრაგედიით მანიპულირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

სამაშველო ოპერაციისთვის განკუთვნილი 3 ახალი ვერტმფრენი საფრანგეთიდან საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ მრავალფუნქციურ საფრენ აპარატს მარტში ელოდება.

 

დღის ამბები