26 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ეპიცენტრში დღეს, ნანახია "ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი" - მღებრიშვილი

შოვის სტიქიის ეპიცენტრში, ტერიტორიის 84% გადამოწმებულია. დარჩა 26%, რასაც 2 დღე დასჭირდება. მაშველებმა და სამხედროებმა ძიების შედეგად, "ჰიუნდაის" მარკის მანქანა იპოვეს, რომელიც ცარიელია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძებნა.

"თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს.

დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საძიებო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტშიც.

"გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. თათბირი დილითაც გაგრძელდა, სადაც მინისტრისგან მივიღეთ დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები. გარდა ამისა, მიმდინარეობს ამბროლაურამდე, 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ასევე, ეპიცენტრში დღეს, ნანახია "ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. თუნდაც მცირე შანსი, თეორიული, არ ვიძახი პრაქტიკულს, თუ არსებობს, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობის ფარგლებში", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები