თბილისში, წინამძღვრიშვილის 83 ნომერში მდებარე იტალიური ეზო ფილმის გადასაღებ მოედნად გადაიქცა. მოეწყო დეკორაციები, მსახიობებმა საკუთარი როლები მოირგეს და ფილმის პირველი ეპიზოდის გადაღებაც დაიწყო. ერთი შეხედვით პატარა ეზოში პატარა ქვეყნის დიდი წარმატება ცოცხლდება.
1981 წლის 13 მაისს "თბილისის დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. საფეხბურთო ტურნირის ფინალში ”თბილისის დინამომ” იენის ”კარლ ცაისი” ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი ბურთებით 2-1 დაამარცხა. საბჭოთა საქართველოს ლეგენდად ქცეულ გამარჯვებაზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმს სახელწოდებით ,,გამარჯვების დღე” რეჟისორი გოგი თორაძემ იღებს.
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობებმა სცენებიდან და ტელეეკრანებიდან ეზოში გადაინაცვლეს. პერსონაჟების როლები გაინაწილეს და ფილმის გადაღების პროცესში ჩაერთნენ. ტრისტან სალარიძისა და მაია ტატიშვილის სამსახიობო ისტორიას კიდევ ერთი ახალი როლი შეემატა.
სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა იტალიურ ეზოში მოიყარეს თავი და ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდნენ, სადაც ყველას თავისი საქმე აქვს. ნაწილი ხელსაქმითაა დაკავებული, ბავშვები კი თავს ბურთის თამაშით ირთობენ. მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ, რეჟისორმა როლი არაპროფესიონალმაც მოუძებნა.
ფილმის გადაღებები სექტემბერში დასრულდება. მაყურებელი კი მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, რომელიც ქართულ საფეხბურთო ისტორიაში, ლეგენდარულ გამარჯვებას ეძღვნება ოქტომბერში იხილავს.