26 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
რა მოხდა შოვში - ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვს

შოვში, 3 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედიის გამო, საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. რა მოხდა სტიქიის ზონაში და იყო თუ არა დროული რეაგირება - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემულია და ოპონენტები ამ თემით სპეკულირებენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები, მათივე მოთხოვნას, კომპლექსური პრობლემებით ხსნიან. ამბობენ, რომ კომისიის შექმნა, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვისაც არის აუცილებელი.

იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საკმარისი ხმების მობილიზება ოპოზიციას, ოპოზიციაშივე სურს, თუმცა ცნობილია, რომ გახარიას გუნდი კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მათი არგუმენტი , სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობაა. ამ ფონზე კი პოლიტიკოსების მხრიდან თემაზე საუბარი არასწორად მიაჩნიათ.

გახარიას პარტიის პოზიცია გაუგებარია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ისევ ამბობს, რომ არსებულ კითხვებს, პასუხები უნდა გაეცეს.

"ქართულ ოცნებისთვის" ოპონენტების მოთხოვნა, დეზინფორმაციული პროპაგანდის გაგრძელებაა. ოპოზიციას სურს, სენსიტიური თემით პოლიტიკური ქულები დაიწეროს - ასეთია უმრავლესობის პოზიცია.

რა მოხდა შოვში 3 აგვისტოს და რამ განაპირობა მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება - არსებულ კითხვებს, რამდენიმე დღის წინ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს. სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშითა და სააგენტოს მხრიდან გავრცელებული სატელიტური სურათებით ირკვევა, რომ მდინარე ბუბის წყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ჩამოშლილია 500 000 კუბური მეტრი კლდე-ზვავური მასა, რამაც 62 ჰექტარზე გაშლილი მყინვარი მოწყვიტა. პროცესმა კი თავის მხრივ, მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების ფაქტიც არ დასტურდება. მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება კი შეუძლებელი იყო.

დღის ამბები