შეტევა დრონებითა და არტილერიით - ხარკოვის ოლქში, კუპიანსკში , ომის დაწყებიდან 536-ე დღეს რეგიონიდან ისევ მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მიზეზი ისევ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაა. საოკუპაციო ძალების თავდასხმას, კუპიანსკში დღეს, მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთის არმიის თავდასხმას, ჩვილი ემსხვერპლა ხერსონის ოლქში, ვერ მოხერხდა 12 წლის ბიჭის გადარჩენა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანია დაღუპული. ვითარება კრიტიკულია ზაპოროჟიეს ოლქშიც, რომელსაც ოკუპანტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, 114-ჯერ შეუტიეს. ქალაქ ორიჰივზე თავდასხმის შედეგად, სამართალდამცველი დაიღუპა. დაიბომბა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებიც.
ფრონტის მთავარ ხაზად, ისევ დონეცკის ოლქი რჩება, რეგიონში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის, კონტაქტური ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვამ, ოკუპანტების შეტევა რამდენიმე პოზიციაზე მოიგერია და სამი მიმართულებით წინ წაიწია.
ომის დაწყებიდან დღემდე, დიდია მსხვერპლი უკრაინისთვის. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის 536 დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა, 1 097-ზე მეტი კი დაშავდა.