ჰავაის კუნძული მაუი ხანძარს ებრძვის. ადგილობრივები დღესაც იხსენებენ, როგორ დაიწყო სტიქია და როგორ დაკარგეს საცხოვრებელი. ბევრი მათგანი ღამეს ჯერ კიდევ ქუჩაში ათევს.
მაშველებთან ერთად, გადარჩენაში მოსახლეობას ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.
მიწასთან არის გასწორებული შენობა-ნაგებობები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრების შესახებ ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღიათ, რაც გამაფრთხილებელ სისტემების გამართულობაზე კითხვებს ბადებს.
ჰავაის სასწრაფო დახმარების ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გამაფრთხილებელი სირენები მაუის კუნძულზე გააქტიურებული მართლაც არ იყო, თუმცა შეტყობინებები მოსახლეობასთან მობილური მოწყობილობებით, რადიოთი, ტელევიზიით და რეზიდენტების გაფრთხილების სისტემით იგზავნებოდა.
კუნძულ მაუის გუბერნატორი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და უსახლკაროდ დარჩენილებს დაბინავებას ჰპირდება. მისი თქმით, მოსახლეობის დასახმარებლად, შტატმა უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
ისტორიულ საკურორტო ქალაქ ლაჰაინადან, რომლის 80% განადგურებულია, ათასობით ადგილობრივი მცხოვრებისა და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმრავლესობა თავშესაფარს ამ დრომდე ელოდება. სტიქიის ეპიცენტრში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ მუშაობს ეროვნული გვარდია, საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვა.
ავტორი: სანდრო ვაწაძე