საბრძოლო მოქმედებებით დატვირთული კვირის ბოლოს, უკრაინის ფოკუსში “მშვიდობის ფორმულა” მოექცა. დოკუმენტი, რომლის მთელი ფილოსოფიაც უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპტიმისტურ ნოტაზე არიან, რადგან დოკუმენტს უკვე 58 ქვეყანა უჭერს მხარს. ჯგუფები უკვე მუშაობენ იმ პერსპექტივებზე, რომელმაც უკრაინისა და ევროპის ბირთვული, სასურსათო თუ ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ზელენსკის ფორმულის მიზანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებაა. მეათე პუნქტი კი, იმ დოკუმენტის ხელმოწერაა, რომელმაც ომის დასრულება უნდა გვაუწყოს.
უკრაინამ უკვე დაიწყო კონსულტაციები უსაფრთხოების გარანტიებზე დიდ ბრიტანეთთან. კიევს იგივე პროცესი აშშ-სთანაც აქვს წამოწყებული - ეს ყველაფერი კი ვილნიუსის სამიტის გაგრძელებაა. კიევი შემოდგომიდან მძიმე პოლიტიკურ სეზონს ელოდება. დიპლომატიურ თარგმანში ეს ბევრ დაძაბულ სამიტსა და მოლაპარაკებას გულისხმობს, რომელშიც არა მხოლოდ ევროპისა და ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა დასჭირდებათ. მსოფლიოს ნაწილი კი დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის იმედს არ კარგავს, ახლა ეს მცდელობები არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა დაიწყო.
ფრონტის ხაზზე აქტიურობა ხელშესახებია - რუსებმა ზაპოროჟიეს ღამით ირანული დრონებით დაარტყეს, დილით კი სამიზნეში ქალაქი ორეხოვო ამოიღეს, რასაც 31 წლის პოლიციის კაპიტანი ემსხვერპლა - დაშავდა 12 პირი. თავად რუსეთი კი ანექსირებულ ყირიმზე, მათ შორის ცნობილ ხიდზე დრონებით შეტევაზე აკეთებს აქცენტს - მოძრაობა გადაკეტილია. რაკეტები ჩანდა ქერჩის სრუტეში. კუპიანსკში კი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება, დღეს იქიდან 63 პირი გამოიყვანეს, ვისაც სახლი საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეს ჰქონდა. აქ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
უკრაინა ომის 535 დღეს ითვლის, დღეს ფრონტზე 224 ათასი საარტილერიო ჭურვიც ჩავიდა ევროპიდან. ევროპელი პარტნიორები უკრაინელ პილოტებს "ეფ 16-ის" ტიპის ავიაგამანადგურებლებით მუშაობას ასწავლიან, რაშიც მათ ამერიკაც უწვდის ხელს. რუსეთიდან კი ჯერ დუმილია, რასაც სულ უფრო ხშირად არღვევს დრონების ხმა, რომლებიც დედაქალაქის თავზე დღესაც გამოჩნდნენ.