მძიმე ტექნიკა, მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები - სტიქიური უბედურების ზონაში, ამ დრომდე 9 ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით აქტიურად გრძელდება. გაფართოვდა ძებნის არეალიც. მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ჯარი.
შოვში, სტიქიური უბედურების დროს დაღუპული და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ონის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
მდინარე ბუბის კალაპოტში, ქვათაცვენის გამო სამუშაოები ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს რაჭის გუბერნატორმა მიაწოდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უკვე გაეცნენ. გეოლოგები განმარტავენ, რომ მასშტაბური სტიქიების შემდეგ ეს ბუნებრივი მოვლენაა და საფრთხეს არ წარმოადგენს.
ხეობაში მიმდინარე ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები. სტიქიის ეპიცენტრში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფებოდა.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები და მოხალისეები. 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს ჩეხი ტურისტი, რომელიც მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან გამოიყვანეს. მიხალ ბარტაკს კურორტი არ დაუტოვებია და შოვში მომუშავე ადამიანისთვის საკვებს დღემდე ამზადებს.
სამუშაოები სტიქიის ზონაში ამ დრომდე, ინტენსიურად მიმდინარეობს. ხეობაში სამძებრო არეალის გაფართოებასთან ერთად, დამატებით, მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.