26 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
შოვში, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე, 54 კილომეტრის პერიმეტრზე გრძელდება

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - 9 დაკარგულს ეძებენ როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით. გაფართოვდა სამძებრო სამაშველო ოპერაციის არეალი. ტერიტორია ამბროლაურის აეროპორტამდე გაიზარდა. ნაპოვნია 24 ცხედარი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 4-ზე კი დნმ-ის პასუხებს ელოდებიან. 

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე მეცხრე დღეა აქტიურად არიან ჩართულები ძებნა-შველის სამუშაოებში. დღეს დილიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობს.
 
სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკისა და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სტიქიის ზონის მასშტაბი არანორმალურად დიდია, რაც მისივე თქმით, ინტენსიურ მუშაობას საჭიროებს.

„სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელი სიმძიმე გამოხატო ადამიანმა და მთელი დრამატიზმი ამ ყველაფრისა. რაც შეეხება სამუშაოებს რაც მიმდინარეობს, ვითარება კვლავ უცვლელია. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები კვლავ მაქსიმალურად ინტენსიური ტემპით გრძელდება. მე გახლდით იქ უშუალოდ ადგილზე, დავათვალიერე მდგომარეობა. მასშტაბია უბრალოდ არანორმალურად დიდი და შესაბამისად ამას სჭირდება ბუნებრივია ასეთივე ინტენსიური მუშაობა,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები 54 კილომეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს, რომელშიც 200-მდე თავდაცვის ძალებია ჩართული, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

დღის ამბები