26 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ირაკლი ქარსელაძე - უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს რიკოთის პროექტს რაღაც დააკლდა, მას ამზადებდნენ გამოცდილი კომპანიები, ჩართული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მხოლოდ მათი დასტურის პირობებში დამტკიცდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უსაფუძვლოა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტზე საკვლევაძიებო სამუშაოები სათანადოდ არ იყო წარმართული.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის პროექტირების სამუშაოებში 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, მათ შორის 56 უცხოელი იყო. მისივე თქმით, პარალელურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დაქირავებული ჰყავდათ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც პროექტირების პროცესებში იყვნენ ჩართული.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, სამშენებლო პროექტი შეფასდა, როგორც ხარისხიანი, დამაკმაყოფილებელი და ასეთ პირობებში დამტკიცდა.

„ბრალდება, რომელიც უკავშირდება პროექტირებას და საპროექტო, საკვლევაძიებო სამუშაოებს, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდებოდა. პროექტირება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა მსოფლიოს ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით განხორციელდა. ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურაა, რომელიც, პირველ რიგში, კომპანიისა და კომპანიაში პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრების, ექსპერტების, გუნდის ტექნიკურ შეფასებას ითვალისწინებს, ასევე ითვალისწინებს მსგავსი მასშტაბური პროექტების გამოცდილებას და მრავალ სხვა პარამეტრს, ისევე, როგორც ფინანსურ გამოცდილებას და სხვადასხვა მოთხოვნას. ამის შედეგად უკვე 80/20-ზე ნაწილდება ქულების შეფასება. ანუ, მთლიან შეფასებაში 80 პროცენტი მიენიჭება ექსპერტების შეფასებას, მათ კვალიფიკაციას და 20 პროცენტი არის ღირებულება. სწორედ ასეთი შესყიდვის შედეგად შეირჩა ოთხი კომპანია. ოთხივე კომპანია არის წამყვანი კომპანიები, რომლებთან ერთადაც საგზაო პროექტირების სამი ქართული წამყვანი კომპანია იყო ჩართული. ჯამურად, რიკოთზე, მხოლოდ პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მუშაობდა – ინჟინერი, ექსპერტი. აქედან 56 იყო საერთაშორისო, 84 კი ადგილობრივი.

გარდა იმისა, რომ გამოცდილი კომპანიები ამზადებდნენ დეტალურ პროექტს, ამასთანავე, საკუთრივ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დაქირავებული ჰყავდათ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც პროექტირების პროცესებში იყვნენ ჩართული. საბოლოო ჯამში, მხოლოდ მათი დადასტურებების, აუდიტის და შემდგომი საბოლოო დასტურის პირობებში იქნა დამტკიცებული პროექტები, რომლებიც განისაზღვრა, როგორც სამშენებლო ტენდერისთვის მომზადებული პროექტი, ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი, ხარისხიანი პროექტის სახით.

ბევრი მსჯელობა გვესმოდა, რამდენად არიან ქართველი სპეციალისტები ჩართული, ვფიქრობ, ციფრები მეტყველებს ყველაფერზე, რამდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური იყო ჩვენი ინჟინრების ჩართულობა ამ მიმართულებით. როცა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაქირავებულ ექსპერტებზეა საუბარი, საქმე გვქონდა ძალიან გამოცდილ გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ავსტრალიელ, ავსტრიელ და სხვა ძალიან წარმატებული, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან და კომპანიებთან. აქედან გამომდინარე, საუბარი, თითქოს პროექტს რაღაც დააკლდა, რაღაც ისე არ იყო გაკეთებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები