26 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
როგორია მდგომარეობა რიკოთის უღელტეხილზე - ინფრასტრუქტურის მინისტრი დეტალებზე საუბრობს

რიკოთის 4 ზონიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხზე, ოპოზიციის ბრალდებებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა. უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რატომ იკეტება ღამით რიკოთის უღელტეხილი და რომ ტერიტორიაზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, რისკი კი მინიმუმამდეა დაყვანილი.

სწორედ მეწყრულ კერასთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვა "ევროოპტიმისტებს" ინფრასტრუქტურის მინისტრთან. ბრიფინგამდე რომან გოცირიძეს და ხატია დეკანოიძეს ირაკლი ქარსელაძემ წერილობით გასცა პასუხი, თუმცა მის მიერ მოყვანილი არგუმენტების მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრს პარლამენტში იბარებენ.

მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს "ლელო". პარტიაში ამტკიცებენ, რომ 3 ჩინური კომპანია, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 მონაკვეთზე აწარმოებენ, კორუფციულ გარიგებებსა და თაღლითობაშია მხილებული. სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ლელო ირწმუნება, რომ მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობს, გადაადგილება საფრთხისშემცველია, ვადები კი დარღვეული.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა იმ ფონზე, როდესაც რიკოთის პროექტირების სამუშაოებში ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობა დიდი იყო.

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობისთვის საველე სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა მათ შორის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კუთხით. სპეციალისტებმა რელიეფის ციფრული მოდელი, აერო-ფოტო გადაღებების საშუალებით შეადგინეს, ამის შემდეგ კი პროექტის 3D მოდელის აგება მოხდა.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას, კონტრაქტორი კომპანია სრულად უზრუნველყოფს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ორი კონკრეტული შემთხვევა დაასახელა, რომელთა გამოსწორებაც სრულად, კონტრაქტორის ხარჯებით მოხდა.

რიკოთის 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ოთხი ნაწილისგან შედგება. 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია, აქედან 12 გვირაბითა და 22 ხიდით მოქალაქეები უკვე თითქმის რვა თვეა სარგებლობენ. მიმდინარე წელს დაგეგმილია ხევიდან ზესტაფონამდე ორი მთავარი მონაკვეთის გახსნა. სრულად კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები