შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. მაშველები უკვე 11 დაღუპულს ეძებენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, მაშველებმა იმ ტერიტორიაზე მოახერხეს შესვლა, სადაც აქამდე ვერ შედიოდნენ. ეს არის მდინარე ჭანჭახის მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და ადგილზე ამ დრომდე 100 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში მათი ოდენობა გაიზრდება.
როგორც ირაკლი ქარსელაძე ამბობს, პერიმეტრი შეძლებისდაგვარად, ათვისებულია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მისივე თქმით, ინტენსიური სამუშაოებია კოტეჯების არეალში, ისევე როგორც ზედა პერიმეტრში.
"დამატებულ ლოკაციებს წინ უსწრებს უკვე დამატებული ტექნიკა. აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე შესაბამისი მობილიზაცია არის და დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მძიმე ტექნიკაა, 103 ერთეული, რომელიც კვლავ და კვლავ მაშველების ზედამხედველობით ახორციელებს შველა-ძიების სამუშაოებს. მნიშვნელოვანი იყო გუშინ გზის მიყვანა და ავტომობილების გამოყვანა. გუშინ 10 ერთეული იქნა გამოყვანილი, დღეს კიდევ ათი ერთეული გამოვიყვანეთ, დარჩენილია 5 ერთეული. პერიმეტრი შეძლებისდაგვარად, დღეის მდგომარეობით ათვისებულია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ძალიან ინტენსიური სამუშაოებია კოტეჯების არეალში, ისევე როგორც ზედა პერიმეტრში. ქვემოდანაც დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, ზუსტად ეს არის ის ახალი ლოკაცია, რომელიც საკმაოდ დიდი მასივი და ეს არის ის ახალი ლოკაცია, სადაც შველა-ძიება დაწყებულია უკვე,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს წითელი ჯვარი.