ისტორიული ქალაქი ლაჰაინა მასშტაბურმა ხანძარმა ფერფლად აქცია. ტერიტორია უკვე ბრძოლის ველს ჰგავს. ადგილზე სამაშველო ოპერაციისთვის მისულ მფრინავებს მოულოდნელი სურათი დახვდათ - სრულად დამწვარია სახლები , მანქანები და ბიზნეს ობიექტები.
ჰავაის ხანძარს პრესაში უკვე უწოდეს აპოკალიფსი. სტიქიას 36 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულები. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ცხელი წერტილებიდან მოსახლეობის ნაწილმა გაქცევა ვერ მოასწრო.
"გაქცევა ჯოჯოხეთიდან" - ასე იხსენებენ დამსვენებლები სტიქიის ზონიდან ევაკუაციის პროცესს. ადგილობრივების ნაწილი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ოკეანეში გადახტომა მოასწრო.
მაშველებმა ცხედრები ცეცხლის ჩაქრობისას აღმოაჩინეს. კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ბოლო მონაცემებით მაუიდან 11 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. კუნძულის ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს საკომუნიკაციო საშუალებები.
კუნძულზე ხანძრის სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან. ჩაკეტილია ავტომაგისტრალები და აეროპორტამდე მისვლა შეუძლებელია. შექმნილი ვითარების გამო მაუის ოლქმა აეროპორტამდე ხალხის მისაყვანად ავტობუსები მოაბილიზა, რითაც 400-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. ათასობით მოქალაქე კვლავ ცდილობს კუნძულის დატოვებას.
ჰავაის გუბერნატორი დახმარებას ითხოვს. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე გასცა ბრძანება, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო - სამაშველო ოპერაციაში ეროვნული გვარდიის გარდა სანაპირო დაცვაც ჩაერთოს. ადგილზე ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს.
ავტორი: ანი მურადაშვილი