სტიქიიდან მერვე დრეს, რიონის ხეობაში სამაშველო სამსახურის ნავები გამოჩნდნენ. დაკარგულების ძებნის არეალი გაფართოვდა.
სამძებრო სამუშაოები დღეს, კიდევ ერთ ლოკაციაზე, ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზე დაიწყო. "კურიერის" კამერა ტრაგედიის ეპიცენტრში დღეს პირველად შევიდა. ყველაზე რთულად დასამუშავებელ ადგილას მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ინტენსიურად მუშაობს. ტერიტორია, სადაც 3 აგვისტოს სტიქიის დროს ბევრი დამსვენებელი იმყოფებოდა, დღეს მეწყრული მასით არის დაფარული და ადამიანების ნაცვლად, მძიმე ტექნიკის ხმა ისმის.
როგორ დაიწყო სტიქია 3 აგვისტოს, კურორტ შოვში - "კურიერს" დღეს სოფელ გლოლას მცხოვრებლები უყვებოდნენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ღვარცოფულ მასას სოფლამდე არ მიურწევია, თუმცა სტიქიას ბევრი თანასოფლელი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა შოვში სხვადასხვა ობიექტზე იყო დასაქმებული.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 21 ცხედარი. 12 დაკარგულის ძებნის პროცესი 10-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა 24 საათი მუშაობს.
უკვე მეშვიდე დღეა, მაშველებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეხმარებიან. სამხედროები ძირითადად ყველაზე რთულად დასამუშავებელ ლოკაციებზე არიან გადანაწილებულები. მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობები.
ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის 8 დღიანი მუშაობის შედეგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებთან შეაჯამა. თემურ მღებრიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ვერტმფრენების სამაშველო ოპერაციაში ჩართვის დეტალები. მღებრიშვილმა სტიქიის დღეს, 112-ში და ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების რაოდენობაც გაასაჯაროვა.
სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს მირიან ჭელიძე, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი უკანასკნელ გზაზე ნიკორწმინდის ეკლესიიდან საპატიო ყარაულის თანხლებით, მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა გააცილეს. დაკრძალვას პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საპატიო ყარაულმა დაკრძალვის შემდეგ მის ოჯახის წევრებს სახელმწიფო დროშა გადასცა.
დღეს, სტიქიის ზონაში კიდევ ერთხელ იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და მიმდინარე სალიკვიდაციო და ის სამძებრო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. შოვში, მაშველებთან, ჯარისკაცებთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, 100 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა მუშაობს. ონში მოქმედებს საკოორდინაციო შტაბი.