26 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი მირიან ჭელიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

დღეს რაჭაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე უკანასკნელ გზაზე ნიკორწმინდის ეკლესიიდან საპატიო ყარაულის თანხლებით, მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა გააცილეს.

დაკრძალვას პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს სახელმწიფო დროშა გადასცა.

მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

"დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ მირიან ჭელიძე პოლიციელი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა. რთულია იმ ადგილას [მუშაობა] ადამიანურადაც, ემოციურადაც და ეს იყო, მისი გარდაცვალების მიზეზი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთლიანად პოლიციის შემადგენლობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსეული თანამშრომლის დაკარგვას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები