26 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
საგამოძიებო კომისიებით პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც არ ეკადრება სტიქიიდან გამომდინარე არსებულ მდგომარეობას - შალვა პაპუაშვილი 

უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობაა და კითხვებზე პასუხის მიღება ოპოზიციას სხვა გზითაც შეუძლია:

"ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხზე დაუსვან კითხვები, მოისმინონ პასუხები. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს.

ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას იყენებდნენ არა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის, არამედ ამ შემთხვევაში, თუ აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები. თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შორის დღევანდელი ბრიფინგის, გუშინდელი დასკვნების და სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვან საჯაროდ, იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხს. ან შეუძლიათ, ინტერპელაციის წესი გამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და ა.შ. მიკვირს, რომ ზუსტად იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, ეჭიდებიან სხვა ინსტრუმენტს, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას "სტრატეგია აღმაშენებელიც" უერთდება. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია კომისიამ დაადგინოს რა მოხდა რაჭაში და იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური სახელმწიფოს მხრიდან.

დღის ამბები