რაჭაში დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი დაკრძალეს. პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე უკანასკნელ გზაზე ნიკორწმინდის ეკლესიიდან საპატიო ყარაულის თანხლებით, მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა გააცილეს.
დაკრძალვას პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ მირიან ჭელიძე, პოლიციელი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა. რთულია იმ ადგილას ადამიანურადაც, ემოციურადაც. ეს იყო, როგორც ჩანს, შედეგი და მიზეზი მისი გარდაცვალების.
მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთლიანად პოლიციის შემადგენლობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსეული თანამშრომლის დაკარგვას," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
სამართალდამცველი 7 აგვისტოს დაიღუპა, როდესაც ის შოვის სტიქიის ზონაში მუშაობდა.