რუსეთში, ქალაქ სერგიევო-პოსადში ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ოპტიკურ-მექანიკური - მონოკულარის, ბინოკლის და სამედიცინო აპარატურის უმსხვილესი მწარმოებელი ქარხანა აფეთქდა. დაშავებულია 40-ზე მეტი თანამშრომელი. აფეთქების მიზეზად ძალოვანმა უწყებებმა ადამიანური ფაქტორი დაასახელეს, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია ქარხნის სიახლოვეს მცხოვრებთა ვერსია, რომლებმაც ადგილზე ჭურვის მსგავსი ობიექტი აღმოაჩინეს.
უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქის თავზე დილის 4 საათისთვის გაანადგურეს. ძალოვანი უწყება ირწმუნება, რომ ორივე მათგანი მოსკოვში უნდა აფეთქებულიყო, თუმცა დრონები რამდენიმე კილომეტრით ადრე გაანეიტრალეს. ფაქტს რუსეთში უკრაინის "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებენ. ამავე დროს, არაფერს ამბობენ დონეცკის ოლქში 82 დაშავებულსა და 9 დაღუპულზე - რუსული არმიის მიერ "გრადებით" დაბომბილ ქალაქ პოკროვსკზე. მიწასთან გასწორებულ 12 სახლზე, ბაღის, სკოლის და აფთიაქის შენობებზე.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ნიკოპოლის დაბომბვაზეც. ჭურვებმა დააზიანა ეკლესია, 5 კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები. დაიღუპა 18 წლის ახალგაზრდა. მძიმედ დაშავდა 5 ადგილობრივი.
30-ზე მეტი მძიმე შეტაკება იყო უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქვთ მნიშვნელოვანი წინსვლა ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით. სადაც მტერს რამდენიმე კილომეტრით უკან დაახევინეს. განახლებულ მონაცემებს რუსეთის დანაკარგის შესახებ აქვეყნებს გენერალური შტაბი.
უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭო კი ევგენი პრიგოჟინის მოსკოვზე წარუმატებელი მარშის მიზეზებზე საუბრობს. ალექსი დანილოვის განცხადებით, ე.წ "ამბოხება" იყო პუტინთან შეთანხმებული სპექტაკლი. წარმოდგენის მიზანი კი კრემლის ლიდერის წინააღმდეგ განწყობილი გენერლების გამოვლენა და მათი სათანადო დასჯა იყო. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ვარაუდობს, რომ შემოდგომისთვის რუსეთში ვითარება რეალურად დაიძაბება. პროცესების კონტროლი კი კრემლში გაუჭირდებათ.