ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები - ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რაც ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა სერვისების მოცვასთან ერთად დროში მოქნილობითაც გამორჩეული იქნება - პაციენტები სამინისტროს თავად აღარ მიმართავენ. ყველა საჭირო დოკუმენტაციას შესაბამისი კლინიკა უწყებაში თავად გადააგზავნის. პროგრამა ბევრი ონკოპაციენტისთვის იმდენად იმედისმომცემი აღმოჩნდა, რომ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობას საქართველოში ჩამოსვლა და პროგრამაში ჩართვა ამჯობინეს.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობაზე დღეს ჯანდაცვის სამინისტროშიც ისაუბრეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაათანაბრებს დაავადების სამკურნალო ეფექტურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას, აქამდე აღნიშნული სამედიცინო მომსახურება არ უფინანსდებოდათ იმ პაციენტებს ვისი წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტი იყო.დაფინანსება ეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც
თანაბარი და სრულფასოვანი მკურნალობის აუცილებლობაზე ექიმებიც საუბრობენ. შესაბამისი პროფილის მქონე მედიკოსები მთავრობის ამ ინიციატივას მიესალმებიან. ამბობენ რომ სერვისები ყველა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის მათი შემოსავლისა თუ სტატუსის მიუხედავად თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ონკოპაციენტებისთვის მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილება მთავრობას ეკუთვნის.ცვლილება უკვე დამტკიცებულია და ძალაში ხვალიდან შევა. ამ სიახლის გარდა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ონკოპაციენტ ბავშვთა ცენტრის შექმნაზე. საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებაზე, სადაც ერთ სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება სერვისების სრული სპექტრი. პრემიერის ინიციატივით, ონკოპაციენტი პატარები საზღვარგარეთაც მკურნალობენ.