დამსვენებლების ჟრიამული კურორტზე მე-7 დღეა სამძებრო სამუშაოების ხმებმა შეცვალა. მაშველებს დღესაც მძიმე სიახლე აქვთ, ნაპოვნია 2 ცხედარი ორ სხვადასხვა ადგილას.
12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ლოკაციაზე მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბასა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევაა, ასევე გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შესაძლებელია ადამიანები მოყოლილიყვნენ. ამ მხრივ ხეობაში საკვანძო მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზაა. აქ რელიეფი რთულია, ღვარცოფული მასა და მისი შემადგენლობა კი რთულად დამუშავებადი.
სტიქიის ზონაში აქამდე მიუვალ ადგილებში დღეს დამატებითი რკინის კონსტრუქციები დაამონტაჟეს, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას გაუმარტივებს. საქმე უნდა გაამარტივოს დროებითმა ხიდმაც გლოლაში, რომელიც შოვის ხიდისგან განსხვავებით სტიქიის შემდეგ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ახლით ჩანაცვლდა.
ამ დროისთვის, შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც. სამძებრო სამუშაოებში მე-6 დღეა აქტიურად ჩართულია თავდაცვის ძალებიც. მაშველებთან კოორდინაციით აგრძელებენ მუშაობას სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ეროვნული გვარდიიდან, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთის სარდლობისა თუ საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფებიდან. ისინი კოტეჯების პერიმეტრზე განაწილდნენ.
ბოლო მონაცემებით,3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან მხოლოდ 17-ია იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.