26 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
სიამაყე და ტკივილი უკვე 15 წელია მათი მთავარი მეგზურია -  დედები, შვილები, დები და ძმები - ოჯახები საკუთარ გმირებს იხსენებენ და ტკივილს ერთმანეთს უზიარებენ

სიამაყე და ტკივილი უკვე 15 წელია მათ მთავარ მეგზურად იქცა. დედები, შვილები, დები და ძმები - ოჯახები საკუთარ გმირებს იხსენებენ და მოუნელებელ ტკივილს ერთმანეთს უზიარებენ. ტკივილს,რომელიც დრომ ვერ განკურნა, უბრალოდ მწარე რეალობას შეაგუა. ასეთია ანასტასია ხაიკაშვილის ისტორიაც, რომლის 19 წლის ვაჟმაც პატარაობიდან კარგად იცოდა, რომ სამშობლოს დაცვა სურდა. სწორედ ამ მიზანს ემსხვერპლა რუსი სნაიპერის ტყვიით, 2008 წლის 8 აგვისტოს.

მუხათვგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატრიოტებზე ბევრ ისტორიას მოისმენ, მათ შორის იმ გმირებზეც, რომლებიც რუსულმა ომის მანქანამ უგზო-უკვლოდ ჩაყლაპა,თუმცა მათ სახელს ვერაფერი დააკლო. მათ შორის იყვნენ გია და გელა რომელაშვილები, ძმები ერთ ოცეულში იბრძოდნენ. მათი მამა მას შემდეგ ყოველ წელს შვილების სიმბოლურ საფლავთან მიდის, . გვიყვება, რომ შვილების დაღუპვის შესახებ მხოლოდ 6 თვის თავზე შეიტყო.

არც ბირთველიშვილებმა იციან სად დაიღუპა ზაზა-სატანკო ბატალიონიდან. მასთან ერთად 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის მთლიანობას მისი ძმაც იცავდა.

დღევანდელი დღე წარმოუდგენელია ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსენების გარეშე - მეოთხე ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა - ის განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს და მოკლეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს მშობლიურ სოფელ - ქვემო ალვანში. ქვემო ალვანის მსგავსად, გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დღეს გორგასლის სახელობის ტაძარშიც აღსრულდა,რომელიც აგვისტოს ომის გმირების სახელზე აიგო. აქ თავდაცვის ძალებმა, ოჯახთან ერთად 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელი პატივით გაიხსენეს. მუხადგვერდზე კი იხსენებდნენ მათაც, ვინც სიკვდილს 2008 წელს ომში გადაურჩა, მცოცავი ოკუპაციის პირობებში კი ვერა - რუსული საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეზე ყველაზე უკეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იციან.

რუსული ოკუპაცია საქართველოსთვის ყოველდღიურობაა, 8 აგვისტო კი უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს ამბავს ერთ თარიღში გვიყვება. სწორედ ამ დღეს იხსენებს ქვეყანა იმას, თუ როგორ გადმოლახა რუსეთის 58-ე არმიამ როკის გვირაბი, რუსულმა ავიაციამ კი საჰაერო იერიში მიიტანა გორზე, ფოთის პორტზე,სენაკისა თუ მარნეულის სამხედრო ბაზებზე და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. თუ როგორ ემსხვერპლა რუსულ აგრესიას 400-ზე მეტი ადამიანი,მშვიდობიანი მოქალაქეები თუ სამხედრო პირები. თუ როგორ იქცა დამატებით 150 ათასი ადამიანი დევნილად საკუთარ ქვეყანაში, როგორ გაასწორეს კრემლის ძალებმა ათობით ქართული სოფელი მიწასთან,მათი ნაწილი კი მიითვისეს. საქართველოს ღირსებას ამ ომში ქართველი, მამაცი ჯარისკაცები უპირობოდ იცავდნენ, რის გამოც მათ მადლობა დღეს მთელი ქვეყანა ეუბნება.

რუსული აგრესიიდან 15 წლის თავზე, რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზეა, ჯერ კიდევ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, ჯერ კიდევ არ წაუღია უკან მითვისებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და მეტიც, 2014 და 2022 წლებში უფრო სრულმასშტაბიანი და ამბიციური გეგმით დაესხა თავს მორიგ მსხვერპლს - უკრაინის სახით, იმ იმპერიალისტური ზრახვებით, რომელიც მსოფლიოს ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა წაეკითხა.

დღის ამბები