მდინარე ჭანჭახის დამშრალ კალაპოტში, 12 საათსა 45 წუთზე მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსაცნობად ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
19 გარდაცვლი და 14 დაკარგული - ასეთია დღევანდელი დღის მონაცემები, შოვში მომხდარი სტიქიიდან მეექვსე დღეს.
ძებნის ოპერაცია სტიქიის ზონაში, 3 აგვისტოდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. ცოცხალ ძალასთან ერთად, მუშაობს 90 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა. სამძებრო სამუშაოების არეალი ყოველდღიურად ფართოვდება. ხეობის რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი უწყებების წარმოიდგინებიან ერთად, უკვე 10 ლოკაციაზე მოახერხეს გადანაწილება.
სალიკვიდაციო სამუშაოებს შოვში, ღვარცოფის შედეგად მყინვარიდან მოწყვეტილი ლოდები და ჩამოსული მიწის რაოდენობა ართულებს. ყოველდღე სტიქიის ზონაში ახალი საველე კონსტრუქციები ეწყობა. მაშველების გადაადგილებას, მეწყრული მასა ართულებს.
სწორედ ამის გამო, სამხედროები პერიოდულად, ქვეითთა ხიდებს ამონტაჟებენ. ღვარცოფში მოყოლილი ტექნიკის მდებარეობის დასადგენად კი, მეტალო-დეტექტორებს იყენებენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით არიან ჩართულები. ჯარი სტიქიის ზონაში ხუთ ლოკაციაზეა მობილიზებული.
ადგილზე 24 საათის განმავლობაში მოქმედებს საგანგებო შტაბი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წევრები კოორდინირებულად მუშაობენ.