შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში, მე-6 დღეა საგანგებო შტაბი მუშაობს. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შტაბშია ინფრასტრუქტურის მინისტრიც.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ სტიქიის არეალში უკვე 90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
"აღმოჩენილია ერთი ცხედარი მდედრობითი სქესის და ერთი სხეულის ფრაგმენტი. მიმდინარეობს ამოსვენება და შემდგომ, შესაბამისი პროცედურით დადგინდება. სამუშაოები გრძელდება აქტიურ რეჟიმში, უკვე 90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს არეალში როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე არეალში. 8 ძირითადი ლოკაცია არის. კოტეჯების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ძალისხმევა არის მიმართული. სამუშაო არის გაწეული და რა თქმა უნდა, ჩვენი მაშველები, ჩვენი ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.