15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც უკრაინელებთან ერთად იცავს თავისუფლებას და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის.
ზელენსკის თქმით, როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიულ მადას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან.
"ყოველ წელს ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე. უკვე ბევრი ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. უკვე მაშინ რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაზრდას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.
ჩვენი გამარჯვება დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!" - აცხადებს ზელენსკი.