რატომ არ ჰქონდა ვერტმფრენებს ღამის ხედვის კამერები და სად არის ვერტმფრენები, რომლებიც მთავრობამ შეისყიდა - კითხვებს "კურიერის" ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი პასუხობს.
ვერტმფრენების თემასთან დაკავშირებით თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე შეისყიდა სპეციალურად აღჭურვილი 3 ვერტმფრენი, რომელთაგან ერთ-ერთს, ქვეყანა წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში მიიღებს.
თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიური უბედურების დროს რა ღონისძიებებიც საჭირო იყო, ყველაფერი 100%-ით შესრულდა.
"რაც შეეხება ამ ყბადაღებულ თემას ვერტმფრენების საკითხზე, რასაკვირველია საუკეთესოა, როცა არსებობს ასეთი აღჭურვილი ვერტმფრენები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე, სტიქიური უბედურების დროს, რა ღონისძიებებიც უნდა შესრულებულიყო, ევაკუაცია თუ სხვა სახის რაიმე ჩართულობა ვერტმფრენის საშუალებით, აბსოლუტურად 100%-ით ყველაფერი შესრულდა.
კარგია უახლესი, სპეციალური აღჭურვილობით ვერტმფრენების ყოლა ქვეყნისთვის - ამაზე არავინ არ დაობს. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილება შესყიდვის შესახებ პროცედურულად დაწყებულია, წლის ბოლოს დეკემბრისთვის უკვე გვეყოლება სამი ნაყიდი ვერტმფრენიდან ერთი, დანარჩენი წლის განმავლობაში იქნება მოწოდებული. ეს არის ის სიახლე, რაც ვერტმფრენებს შეეხება.
არ მინდა რაღაც ისეთ განცხადებებში გადაიზარდოს სტიქიის გარშემო ჩემი საუბარი, მაგრამ დროა უკვე, რომ ეს ყბა დაღებული თემა საბოლოოდ დაიხუროს, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დღეებში, როცა მთელი ქვეყანა გაერთიანებულია ამ სტიქიური უბედურების გარშემო. ცოტა უხერხულიც არის უკვე," - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.