ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა რაჭაში, სტიქიის ზონაში უკვე მეხუთე დღეა არ გაჩერებულა. ბოლო ინფორმაციით, 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 16 უკვე იდენტიფიცირებულია, 16 დაკარგულს კი, ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე და მის შედეგზე გამოძიება პირველივე დღეს დაიწყო. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე საქმე 2 მუხლით აღძრა.
თემურ მღებრიშვილმა, სამაშველო ოპერაციებში ავიაციის ჩართულობაზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვერტმფრენები სტიქიის ზონაში დროულად არ ჩაფრინდნენ, დეზინფორმაცია უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიცის ვერტმფრენები რაჭის მიმართულებით, შეტყობინების შესვლიდან მალევე, უსაფრთხოების აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ გაფრინდნენ.
ყველა კითხვას შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ამომწურავ პასუხს გამოძიება გასცემს - ეს განცხადება სტიქიის ზონაში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა. მამუკა მდინარაძე შოვში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
გამოძიების დასრულებამდე, სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებიან. სამხედრო მოსამსახურეებმა რთული რელიეფის მიუხედავად, რკინის კონსტრუქციებით ხიდები დაამონტაჟეს, მოაწყვეს საველე ბილიკებიც. ქართული ჯარი დამეწყრილ შოვში 4 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის განკარგულების შემდგ ჩავიდა.
მაშველებმა, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა და ჯარმა, სამძებრო ოპერაციის ჩატარების არეალი დღეს კიდევ გააფართოეს. ამჯერად, ლოკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი, მჟავე წყლების ტერიტორიაა.
ჯამში, მეწყრულ ზონაში, დღევანდელი მონაცემებით, 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა რვა ლოკაციაზეა მობილიზებული. მუშაობენ კინოლოგები და იმ დრონებით სწავლობენ ტერიტორიას, რომლებსაც თერმული მახასიათებლები აქვთ. მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს უწევენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. მუშაობს საგანგებო შტაბი. ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე, სხვადსხვა უწყების წარმომადგენლები კოორდინირებული მუშაობით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
დღეს სტიქიის ზონაში პოლიციელი გარდაიცვალა. გამომძიებელი, პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე ონის მუნიციპალიტეტში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
ტრაგიკულად დაღუპულების სულის მოსახსენიებლად სტიქიის ზონაში სასულიერო პირებმა დღეს პანაშვიდი გადაიხადეს და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.