26 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
3 ივლისის შოვის ტრაგედია და 2008 წლის ომი - საქართველოსთვის ორმაგად ტრაგიკული აგვისტოს პირველი კვირა

შოვის ტრაგედიის გამო დღეს დაშვებული სახელმწიფო დროშები, ხვალაც დაშვებული იქნება. აგვისტოს პირველი კვირა ორმაგად ტრაგიკულია საქართველოსთვის -  წლევანდელი სტიქია და 2008 წლის ომი. მტერთან ბრძოლაში დაღუპულების ძმათა სასაფლაოზე ხალხმრავლობა უკვე დღეს იყო. გმირებს პატივი დღეს პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მიაგეს.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის აგრესიის დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი ძმათა სასაფლაოზე დღეს მიაგო. მუხათგვერდში პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის და შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დაღუპულ გმირებს პატივს ყოველთვის 8 აგვისტოს მიაგებენ, ტრადიციულად პრეზიდენტიც მუხათგვერდში ამ თარიღს აღნიშნავდა. უმრავლესობის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მივიდა.

მუხათგვერდში დღეს იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. გმირების ხსოვნას შინდისში მიაგეს პატივი "ლელოს" წარმომადგენლებმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას მიხეილ სააკშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ახსენებს, სადაც აგვისტოს ომის თარიღად 8 აგვისტოა მოხსენიებული. მმართველი გუნდი ოპოზიციას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიიდან 15 წელი გავიდა. გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას" - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

დღის ამბები