26 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ხელისუფლების განცხადებით, მალე საქართველო მთლიანად იქნება დაფარული მონიტორინგის და სტიქიის ადრეული შეტყობინების სისტემით

ხელისუფლება აცხადებს, რომ მალე საქართველო მთლიანად იქნება დაფარული მონიტორინგის და სტიქიის ადრეული შეტყობინების სისტემით.

რა გაკეთდა მანამდე - როგორც მინისტრები ამბობენ, "ქართულმა ოცნებამ" 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან ააწყო მონიტორინგის სისტემა და ამ ეტაპზე ქვეყნაში უკვე 200-მდე ასეთი სადგურია დამონტაჟებული. მათ შორის 20 რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. საუბარია ასევე ორი მაღალი გარჩევადობის მეტეოროლოგიურ რადარზე, რომელიც სრულად ფარავს საქართველოს ტერიტორიას, თუმცა მთავრობა დარწმუნებულია, რომ მსგავსი სისწრაფის და მასშტაბის სტიქიას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგებოდა.

მთავრობის სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა , რომ სტიქიურმა უბედურებამ მთელი ქვეყანა შეძრა. მთავრობის მეთაურმა პროცესებში, სახელმწიფო უწყებების სწრაფად ჩართვასა და სრულ მობილიზაციაზე ისაუბრა.

სტიქიური უბედურების ზონაში აუცილებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მისი განცხადებით, ადგილზე ამ დრომდე 100 ერთეულზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ამჟამად 8 პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობს.

ბოლო წლებში გეოლოგიის საფრთხეების შესწავლის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე სუაუბრობს ვიცე-პრემიერი. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში რამდენიმე თანამედროვე რადარი მუშაობს. შეძენილი და დამონტაჟებულია სადგურებიც, რომლებიც მდინარეებზე წყლის დონეს აკონტროლებს.

მონიტორინგისა და ხეობებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟის მიმართულებით, განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა. ოთარ შამუგია ამბობს, რომ საფრთხის შემცველ ტერიტორიებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, შესაბამისი რუკები უკვე მზადდება.

მთავრობის მეთაური რაჭაში, სტიქიის ზონაშიც იმყოფებოდა. პრემიერმა საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი ჩაატარა, რის შემდეგაც სამზებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დაესწრო.

დღის ამბები