26 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
შოვში, სტიქიის ეპიცენტრში სასულიერო პირები ჩავიდნენ, სადაც ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი გადაიხადეს

სტიქიის ეპიცენტრში სასულიერო პირები მივიდნენ - მათ ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი გადაიხადეს. სასულიერო პირებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს. 

"კურიერი" ადგილიდან, სადაც შოვი სტიქიამ მიწასთან გაასწორა - სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 20 ჰექტარამდე ტერიტორია მთლიანად ღვარცოფით არის დაფარული. ადგილზე ჩანს მდინარის ადიდების შედეგად ხეობაში ჩამოტანილი ლოდები. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ღვარცოფის გამო მიწის მასა 5-6 მეტრს აღწევს.

ადგილზე ათეულობით მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობს. ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე 16 ადამიანს ეძებენ, სწორედ მათი ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში სტიქიის ტერიტორიაზე.

ადგილზე ასევე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, დაახლოებით 400-მდე ძალა იმყოფებდა ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური კარვები.

ერთადერთი ტერიტორია, რომელიც სტიქიას გადაურჩა არის სასტუმრო "რაჭა" შოვში. სხვა ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული.

სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასულიერო პირებმა სწორედ ამ ადგილზე, დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 

"მოვედით დღეს, რომ გადავიხადოთ დიდი პანაშვიდი იმ ადამიანების სულის საოხად, რომლებიც ამ დიდ ტრაგედიას შეეწირნენ და ამითი გამოვხატოთ ჩვენი თანადგობა მათი სულებისთვის, მათი სულის საოხად, მათი ახლობლებისთვისაც და ყველა ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენ ტკივილს ატარებენ. ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ.

ამ დროისთვის ჯობია, რომ წინასწარი შედეგები არ გამოვიტანოთ. დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა გავაკეთოთ," - აცხადებს ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი.

სიახლე კი გახლავთ ის, რომ გაფართოვდა არეალი, სადაც შესაძლოა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა შევიდეს, რომ დაკარგული ადამიანების პოვნა იყოს შესაძლებელი. ადგილზე, სტიქიის ზონაში რჩება ჯარი, პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და მათ შორის ადგილობრივები, რომლებიც ერთიანი ძალებით ცდილობენ ტერიტორიის გასუფთავებას და დაკარგული ადამიანების პოვნას.

დღის ამბები