"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს და წარმოუდგენელია სტიქიის მასშტაბი, როცა მას ადგილზე ხედავ იმასთან შედარებით, რაც ეკრანიდან ჩანს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "კურიერთან" საუბრისას რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიისა და ტრაგედიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
მამუკა მდინარაძემ "კურიერის" ეთერში სტიქიის ირგვლივ დაწყებულ გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უამრავი კითხვა არსებობს და როგორც ჩანს, შესაბამისმა უწყებამ გადაწყვიტა, რომ გამოძიების დაწყება საჭირო იყო.
"ვერ წარმოიდგენთ აქ რა ტრაგედია ტრიალებს და ვერ წარმოიდგენთ სტიქიის მასშტაბს. ეკრანიდან ეს ცოტა მარტივად ჩანს, მაგრამ აქ არის ძალიან მძიმე სიტუაცია ორივე მიმართულებით და ამ დროს სიტყვები ზედმეტია.
რაც შეეხება გამოძიებას, შესაბამისმა უწყებამ, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ყველა ვარიანტში საჭირო იყო, იმიტომ, რომ უამრავი კითხვა არის არალეგიტიმურს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის ლეგიტიმურიც. გვაინტერესებს საბოლოო დეტალური დასკვნა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.