გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ექსპერტი, გიორგი გულიაშვილი შოვის სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აღწერს მოვლენებს თუ რამ გამოიწვია სტიქია.
მისი თქმით, სტიქიის გამომწვევი მთავარი მიზეზი მყინვარ ბუბას დასავლეთ ფერდზე მოწყვეტილი კლდოვანი მასა გახდა.
"სტიქიის გამომწვევი მთავარი მიზეზი გახდა მყინვარ ბუბას დასავლეთ ფერდზე მოწყვეტილი კლდოვანი მასა, რომელიც დაეცა ამ მყინვარს, დინამიკაში მოიყვანა მყინვარი, ამ ყველაფერმა ჩამოტეხა მყინვარის მასის ნაწილი და მყინვარის ქვეშ არსებული ტბა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, მოიყვანა მოძრაობაში და შემდეგ უკვე კალაპოტში ხელი შეუწყო ნატანი მასალის მოძრაობას. კალაპოტისა და ფერდობების დახრილობამ მოძრაობაში მოიყვანა ქვა-ტალახოვანი მასა და გზად თუ რაიმე შეხვდა ყველაფერი ააგორა, მოხვეტა და წამოიღო კურორტი შოვის მიმართულებით, თან დაერთო ნაპირის ინტენსიური გვერდითი ეროზიები, სანაპირო მცირე მეწყრული სხეულების გააქტიურება და საბოლოო ჯამში სტიქია მთელი სიმძლავრით დაატყდა კურორტ შოვს", - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.