26 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორი ქვეყნები განცხადებებს ავრცელებენ

რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო.

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია,"- ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება," - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით, რომლებმაც აირჩიეს პროევროკავშირის და პრონატოს გზა"" - წერს მიშელი.

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება უკრაინაც.

"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს თავის მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

"ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ," - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.დღეს უკრაინა საკუთარ თავისუფლებას იმავე აგრესორისგან იცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან," - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

განცხადებას ავრცელებს გერმანიის საელჩოც.

"გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთისა და სამხრეთის საქართველოს რეგიონების ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები," - ეს გერმანიის ელჩის განცხადებაა.

"დღეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წელი შესრულდა. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დღის ამბები