საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას.