რამდენიმე წუთის უკან მოხდა მე-14 ცხედრის იდენტიფიცირება - ამის შესახებ "კურიერის" ეთერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
"ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური საძიებო სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრში. როგორც წესი, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები როგორც კინოლოგიური კუთხით, ასევე ცოცხალი ძალით და მძიმე ტექნიკით.
როგორც იცით, 13 ცხედრის იდენტიფიცირება მომხდარი იყო და სულ რამდენიმე წუთია რაც მოხდა მე-14 ცხედრის იდენტიფიცირება.
დილიდან უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ როგორც გუშინ ვაკეთებდით. ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის უფრო ფართოდ გავშლით საძიებო არეალს გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა დამატებითი ტექნიკის გადასროლა სხვადასხვა ლოკაციებზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ ძებნის არეალი," - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის ადგილას მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან - სამძებრო სამაშველო სამუშაოები უკვე მე-4 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიიდან რამდენიმე საათში შეიქმნა.