გარემოს დაცვის ექსპერტები სტიქიური უბედურების მთავარ მიზეზად კლიმატურ ცვლილებას ასახელებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ შოვის ტერიტორიაზე ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. შესაძლებელია თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ტყის ჭრა ყოფილიყო, ბიძინა გიორგობიანი ამბობს, რომ ხის მოჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია.
ტრაგედიის ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფები მეოთხე დღეა მუშაობენ. გეოლოგებმა ვითარების შესწავლის მიზნით, რამდენჯერმე დაათვალიერეს ტერიტორია, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგიც. სტიქიური უბედურების ზონიდან გამოსული სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა მდინარის ნაპირების გარეცხვას, მეწყრული პროცესების გააქტიურებას, მყინვარის დნობას, კლდე-ზვავური მასის ჩამოტანასა და ღვარცოფის განვითარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ მდინარე ბუბისწყალის ტერიტორიაზე, მასშტაბურ ღვარცოფს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია. კურორტზე, ტრაგედიამდე ფუნქციონირებდა სასტუმროები, კოტეჯები, ადმინისტრაციული ცენტრი, ფოსტისა და კინოთეატრის შენობები. კოტეჯების აშენების თარიღთან დაკავშირებით, გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე დღეს განმარტებები გააკეთა რაჭის გუბერნატორმა. მისი თქმით, შოვი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაგეგმარდა, რა დროსაც დაიწყო საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, მდინარე დაგუბდა და წყლის დონემ დაიწია, გარემოს დაცვის სამინისტროში პასუხობენ. უწყებაში ამბობენ, რომ ტრაგედიამდე ხეობაში წყლის დიდი მასის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, სტიქიის ზონაში ერთმანეთს ხუთი ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი, ყოველწლიურად ამზადებს დასკვნებს, სადაც ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა და პროგნოზებია აღწერილი.