26 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა - სარჯველაძე

სამწუხაროდ, საქართველოში მოიძებნებიან ძალები, მათ შორის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, მომხდართან დაკავშირებით უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.

სარჯველაძის თქმით, ყველა უნდა დააკვირდეს სპეციალისტთა შეფასებებს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, წინასწარი შეფასებებით, აღნიშნული სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

„ეს ყველაფერი ჰგავს პირველივე დღეს გამართულ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო. უბრალოდ, არ ვარგა ასე წინმსწრებად ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობების ძალიან მყრალი სუნი ასდის. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება იქნებოდა, პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს ამ საკითხების ირგვლივ სპეციალისტთა შეფასებებს და იმის მიხედვით, რა შეფასებაც იქნება, რასაკვირველია, გამოძიება თუ იქნება საჭირო, ჩატარდება. ეს ყველაფერი უნდა თქვას სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც შეისწავლის მომხდარს და აქედან გახდება ყველაფერი ცნობილი. სპეციალისტებზე დაყრდნობით, წინასწარი შეფასებები, რაც კეთდება ამ საკითხების ირგვლივ, ყველა საუბრობს, რომ ეს არის იმ მასშტაბის და სპეციფიკის კატასტროფა, რომლის წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ასეთია წინასწარი შეფასებები და დასკვნები, რომლებიც კეთდება. რასაკვირველია, მომავალში ეს ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები