26 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"რეაგირება პრაქტიკულად იყო პირველივე წუთებიდან, როგორც კი შემოვიდა შეტყობინება შესაბამისს ცენტრში და რამდენიმე წუთში მოხდა სამაშველო ჯგუფების გამგზავრება ადგილზე" - ირაკლი ბერაია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში შექმნილი სამუშაო შტაბი 24-სათიან რეჟიმში ეფექტურად მუშაობს და რეაგირება სტიქიის დაწყების პირველივე წუთიდან იყო ეფექტიანი.

"შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, შტაბში არის წარმოდგენილი საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ყველა სუბიექტი, მთავრობის ადმინისტრაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები. შემოდის მუდმივად ინფორმაცია დაზიანების ზონიდან, სადაც ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს, ჩვენ ვიმყოფებოდით მორიგ ჯერზე დაზიანების ზონაში, გვქონდა შესაძლებლობა ფეხით მოგვევლო სრული პერიმეტრი იმიტომ, რომ შიგნით სიღრმეში შესვლა არის შეუძლებელი, ვინაიდან ამ მასის და ქვა-ღორღის დამახასიათებლებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. მუშაობს 10-ით მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე იმისთვის, რომ ამ ურთულეს სამუშაო პირობებში მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაკარგული ადამიანების მოძიება. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოახერხა რამდენიმე კილომეტრი გზის გაყვანა მყისიერად მდინარის ორივე მხარეს, პარალელურ რეჟიმში თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო ხელოვნური კონსტრუქციები მდინარის გადასალახად დაზიანების ზონაზე, სახმელეთო წვდომის მიზნით და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

რეაგირების მექანიზმები საკმაოდ ეფექტიანია - როგორც ტექნიკა, ასევე პირადი შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ ჩართულია რეაგირებაში. ჩვენ არც ტექნიკის და არც ცოცხალი ძალის პრობლემა არ გვაქვს და არც გვქონია არასდროს და ისინი თავიანთი სტანდარტული პროცედურების ფარგლებში ახდენენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

რეაგირება პრაქტიკულად იყო პირველივე წუთებიდან, როგორც კი შემოვიდა შეტყობინება შესაბამისს ცენტრში და რამდენიმე წუთში მოხდა სამაშველო ჯგუფების გამგზავრება ადგილზე," - აღნიშნა ბერაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს მძიმე ვითარებაში "უპასუხისმგებლო სუბიექტები დიდი მონდომებით დეზინფორმაციას ავრცელებენ."

"რაც შეეხება სამი ახალი ვერტმფრენის შესყიდვის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს უარი ითქვა დაპირებული ვერტმფრენების შესყიდვაზე - ეს არის სრული დეზინფორმაცია და სიცრუე. შსს-მ ფრანგულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში 3 ვერტმფრენის შესყიდვის შესახებ. ეს ვერტმფრენები მზადდება. ეს არ არის მანქანა, რომ ავტოსალონში შეხვიდე, იყიდო, კონტეინერში ჩატვირთო და 1 თვეში გყავდეს დანიშნულების ადგილზე. ამას სჭირდება თავისი დრო. ვერტმფრენების მოწოდების ვადა განსაზღვრულია. პირველი ვერტმფრენის მოწოდების ვადა კონტრაქტის დადების დღიდან 17 თვეა, დანარჩენი 2 ვერტმფრენის არის 20 თვე. შესაბამისად, რაიმე სახის აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არის სპეკულაცია, მაგრამ რაც მთავარია უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვერტმფრენების ყოლა-არყოლას რეაგირების ეფექტიანობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. შსს-ს ჰყავს ვერტმფრენები საკმარისად რაოდენობრივად, რომლებიც არის აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც არის საჭირო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები