26 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
შეგვიძლია ვთხოვოთ მეგობარ ქვეყნებს და დარწმუნებულები ვართ, რომ დახმარება მყისიერად იქნება, უბრალოდ ამოცანების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით არც ტექნიკის და არც ადამიანური რესურსის საჭიროება არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სპეცტექნიკისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი რომ იყოს, ისინი აუცილებლად სთხოვდნენ დახმარებას მეგობარ ქვეყნებს და მხარდაჭერა იქნებოდა მყისიერი, თუმცა ამოცანების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით არც არც ტექნიკის და არც ადამიანური რესურსის საჭიროება არ არსებობს.

მისი თქმით, მაშველების წინაშე მდგარი მისიის განსახორციელებლად, სტიქიის ზონაში საჭიროზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული და ცოცხალი ძალაც საკმარისია სამძებრო სამუშაოების საწარმოებლად.

"საჭიროა სპეცტექნიკა იმისათვის, რომ გაიწმინდოს ტერიტორია, სამძებრო სამუშაოები ასე ტარდება. ამ მიმართულებით საკმარისზე მეტი ტექნიკაა ტერიტორიაზე, რაც ამ სამუშაოებისთვის ტექნიკაა საჭირო ამის სრული მობილიზებაა, უშუალოდ ამ პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, ცოცხალ ძალას, აქაც იცით, რომ მობილიზებულია როგორც პოლიცია, ასევე მაშველები, თავდაცვის სამინისტროს რესურსები და აქ რაიმე დანაკლისი არ არის. სამძებრო სამუშაოები მთლიანად არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ვერტმფრენებს, მათი მთავარი ამოცანაა გამოყვანა, გადაადგილება, შესაბამისად აქაც არის ვერტმფრენები მობილიზებული და სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ამოცანები რაც არის მაშველების წინაშე, შესრულებადია იმ ტექნიკით, რომელიც იქ არის მობილიზებული. რომ იყოს დეფიციტი, წინ ვინ დაუდგება, შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და დარწმუნებულები ვართ, რომ დახმარება მყისიერად იქნება, უბრალოდ ამოცანების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით არც ტექნიკის და არც ადამიანური რესურსის საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები