26 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ძალიან რთული ვითარებაა და ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, რეალურად ძალიან დიდ მასასთან გვაქვს საქმე - ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამუშაოები მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, თუმცა ტერიტორიაზე რთული ვითარებაა, რადგან ლამის მასა ძალიან დიდია, რაც სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.

მისი განმარტებით, ტერიტორიაზე 30 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მათგან 15 უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრშია შეყვანილი.

"მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები. მუშაობენ მაშველები, ჯარი და რა თქმა უნდა ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა და ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, რეალურად ძალიან დიდ მასასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამავდროულად ეს არის ლამი, რაც ართულებს ამ სამუშაოებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ორი გზის გაყვანა იმდაგვარად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის სწორედ კოტეჯებისა და სასადილოსკენ. სამწუხაროდ, კიდევ ერთი ცხედარი იქნა აღმოჩენილი.

რაც შეეხება სამუშაოებს, რეალურად გუშინ ჩვენ მოვახერხეთ 5 ერთეული ტექნიკით გადასვლა, დღეს უკვე ამჟამად 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს უშუალოდ არეალში, მთლიანობაში 30 ერთეული არის, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ გარკვეულწილად იზრდება მობილობა. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა. ეწყობა მდინარეზე გადასასვლელი გზა, პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა, არის ალტერნატიული გზა, რომლითაც რეალურად მეორე ფრონტი გვინდა გავხსნათ და იქიდანაც გვინდა შევიდეთ მაშველებთან და ჯართან ერთად. მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც ხიდი დამონტაჟდება და ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ მთელი პერიმეტრი. ასევე მიმდინარეობს, უშუალოდ შიდა ტერიტორიაზე არსებული ძველი გზის გაწმენდა, რომელიც შედარებით უფრო გვემორჩილება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები