რა ვიცით საქართველოში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის 31 საათის განმავლობაში - უბედურების ზონაში ნაპოვნია 11 ცხედარი, ეძებენ კიდევ 25-ს, მათ შორის არიან ბავშვები. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
ამ დროისთვის, ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან ასეთია: სამაშველო სამსახურმა შეძლო იმ ლოკაციების გადალახვა, რომლებიც აქამდე ვერ ხერხდებოდა. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დასახულია ხვალინდელი სამოქმედო გეგმაც.
დილიდან თავდაცვის სამინისტროს კიდევ 200 სამხედრო, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩაერთვება სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში. შედეგად, გაფართოვდება ძებნა-შველის ღონისძიებები. დაკარგულთა ოჯახის წევრებს კი, სტიქიის ზონაში შეიყვანენ.
საგანგებო შტაბი აცხადებს, რომ ვერტმფრენების და ცოცხალი ძალის რაოდენობა სტიქიის ზონაში საკმარისზე მეტია.